შალვა თადუმაძე სამართლიანობის აღდგენაზე: საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა უნდა მოხდეს

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
კითხვაზე, რა ხედვა აქვს მთავარი პროკურორობის კანდიდატს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ეფექტურად და მალე იპოვოს სამართალი, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში მნიშნელოვანია საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა და დანაშაულებების კლასიფიცირება.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს რესურსიც არის შესაძლებლობაც. თადუმაძის თქმით, არსებული მონაცემებით, სამართლიანობის აღდგენას 52 530 მოქალაქე ითხოვს, წელიწადში კი მხოლოდ 50 საქმეა გამოძიებული.

„მგონია, რომ ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვქონდა უსამართლობასთან დაკავშირებით გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე მოელოდა. საჯარო ინფორმაცია, რომელიც არსებობს საიტებზე, მოქალაქეების მიმართვიანობა პროკურატურისადმი არის 52 ათას 530 განცხადება, ანუ 52 ათას 530 ადამიანი ითხოვს მისი უფლების აღდგენას. პროკურატურას აქვს დეპარტამენტი, შესაბამისად სახელმწიფოს აქვს დეპარტამენტი, რომელიც ამ საქმეებს იძიებს და მისი წლიური ანგარიში აჩვენებს, რომ წელიწადში ის იძიებს 50 საქმეს და ამ 50 საქმეზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. მარტივი არითმეტიკაა – 3038 წელს გვექნება სამართლიანობის აღდგენა. იმიტომ რომ 52 ათასი საქმის 50 საქმე წელიწადში ნიშნავს იმას, რომ 1030 წელი უნდა იძიოს ეს სახელმწიფომ. ბუნებრივია, ეს გამოწვევა რჩება და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ მიმართულებით მე ჩემი ხედვა გამაჩნია და ჩემი პოზიცია მდგომარეობს შემდეგში: რომ უნდა მოხდეს აღნიშნულის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა და კომპლექსურ გადაწყვეტაში ვგულისხმობ, ერთის მხრივ 52 ათასი საქმის კლასიფიცირებას დანაშაულებების და მოთხოვნების მიხედვით. არის საქმეები, სადაც მოთხოვნილია იმ ოდენობის ქონება და იმ ოდენობის თანხები და შესაძლებლობები, რომლებიც საერთოდ სახელმწიფოს არ აქვს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს მიმართ გადაცემული ქონების კეთილსინდისიერ შემსყიდველმა ის განავითარა და სხვა საინვესტიციო ღირებულება შეიძინა, არის ქონებები, რომელიც შეიძლება დაბრუნდეს და არის განცხადებები, რომლებიც უბრალოდ ითხოვს, რომ „თქვით, რომ მე ვიყავი უდანაშაულო“. მე ვფიქრობ, რომ ამ კლასიფიცირების შემდეგ შესაძლებელია რაოდენობის შემცირება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამას უნდა კომპლექსური მიხედვა. მიმაჩნია, რომ არის ამის რესურსი და აშესაძლებლობა. მით უფრო, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილებების მიღება არის მთლიანად პროკურატურის საქმე. მაგალითად, მე ვიცი ისეთი საქმეები,სადაც 2008 წლის მერე ადამიანები იმყოფებიან გირაოს ქვეშ, ისე რომ წინასასამართლო პროცესის მერე პროცესი არ ჩატარებულა. დღეს სამართლებრივად ეს ადამიანი, რომ დავაკავოთ ან მასზე სასჯელი მოვითხოვოთ ვერ ვასაბუთებთ იმიტომ რომ სასჯელის მიზანი არის თავიდან ავირიდოთ ახალი დანაშაული და ეს ადამიანი 2008 წლიდან დღემდე გარეთ არის 10 ათასი ლარის გირაოს ქვეშ და მას დანაშაული არ ჩაუდენია. ასეთი საქმეების კლასიფიცირება თუ არ მოხდა 52 ათასი საქმის გამოძიება მოხდება 3038 წელს“,-აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძის კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები