ხათუნა გოგალაძე ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს ტონი ალონსს შეხვდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვით სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მათ სახიფათო ნარჩენების მართვაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ნიადაგის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან გარემოსდაცვით სფეროში კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია – (FAO) სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს უმთავრესი სააგენტოა, რომელიც 1945 წელს დაარსდა. ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ქვეყნებს სურსათთან დაკავშირებული საგანგებო კრიზისის დაძლევაში ეხმარება. საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა 1995 წლის 20 ოქტომბერს გახდა. FAO-ს მანდატი საქართველოში ითვალისწინებს ეროვნული ძალისხმევის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის სექტორების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიმართულებით.