ზაალ ანჯაფარიძე: ნატო-ს წლევანდელი სამიტისგან საქართველო რაიმე განსაკუთრებულ გარღვევას არ უნდა ელოდოს

ნატო-ს წლევანდელი სამიტისგან საქართველო რაიმე განსაკუთრებულ გარღვევას არ უნდა ელოდოს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, ნატო-მ უფრო ხაზგასმით დააფიქსიროს ის, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარი ღიაა და შეიძლება, საქართველოსთვის თანამშრომლობის რაღაც ახალი ფორმატი იქნას შეთავაზებული.
„თუმცა, ყველა ექსპერტის, თუ თავად ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების აღიარებით, საქართველო უკვე ფლობს ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ფაქტიურად, საქართველოს აქვს ყველაფერი ის, რაც ეძლევა ასპირანტ სახელმწიფოს, როდესაც ის იღებს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, აქ საკითხი უფრო მეტად პოლიტიკურ ნებას და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსს უკავშირდება.
„მოგეხსენებათ, რომ ნატო-ს წესდების მეათე მუხლი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს იმ დებულებას, რომ ნატო-ში ახალი წევრი ქვეყნის მიღება ხდება მხოლოდ ნატო-ს მოქმედი წევრების კონსენსუსის საფუძველზე. რაზე დგება ეს კონსენსუსი -აქ უკვე ვაწყდებით იმ სირთულეებს , რა სირთულეებსაც ვაწყდებოდით ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო არ თვლიდა საჭიროდ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში და იცით, ვინც იყვნენ ეს სახელმწიფოები. სავარაუდოდ, როგორც ჩანს, ასეთი კონსენსუსი დღესაც არ არის. ჯეიმს აპატურაიმ ახლახანს განაცხადა, რომ ეს არ იქნება სამოქმედო წევრობის გეგმა , მაგრამ იქნება რაღაც ძლიერი გზავნილი, რომელსაც ალიანსი საქართველოს გამოუგზავნის“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. შეგახსენებეთ, 11-12 ივლისს, ბრიუსელი ნატო-ს სამიტს უმასპინძლებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაცია ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ანკარადან უკვე გაემგზავრა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.
როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები