სოფო კილაძე: კომიტეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ პრობლემებზე საკომიტეტო მოსმენა ჩაატარა. აღნიშნულ თემატიკაზე სახელმწიფო უწყებებთან ერთად ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომიტეტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. სოფო კილაძის თქმით, დღევანდელი საკომიტეტო მოსმენაც, ამ სამუშაოს შემადგენელი ნაწილია.
„ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ თითოეული ადამიანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისაგან. დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა, ერთი მხრივ, ემსახურება ამ მიმართულებით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას. მეორე მხრივ, ეს პროცესი ხელს უწყობს საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანია ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლი საქართველოში და ხშირად. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ. ეს პრობლემა შემდგომში, ჯაჭვური ეფექტით, ნეგატიურად აისახება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ამიტომ, თუ გვინდა ჯანსაღი, ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოება, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი შესაძლებლობა. სწორედ ამას ემსახურება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზედაც კომიტეტი მუშაობს და ვფიქრობ, დღევანდელი მოსმენა ამ ინიციატივის სრულყოფისთვის მნიშვნელოვანი იქნება”, – აღნიშნა სოფო კილაძემ ღონისძიების შესახებ კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები