ირაკლი შიხიაშვილი: ქუჩებისთვის სახელის გადარქმევით, ის ბოროტება არ ამოიშანთება, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დათესა
ქუჩებისთვის სახელის გადარქმევით და ძეგლების მტვრევით, ის ბოროტება არ ამოიშანთება, რომელიც თავის დროზე დათესა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ასე ეხმაურება “ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელის გადარქმევას.
განცხადება შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ეს ქალაქის საკრებულოს შემადგენლობის გადასაწყვეტი იყო. თუ ქალაქი ირჩევს თავის საკრებულოს დეპუტატებს, უცხადებს ნდობას, მათ აძლევს უფლებას, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. მე არ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ, ზოგადად, ქუჩებისთვის სახელის გადარქმევით და ძეგლების მტვრევით, ის ბოროტება არ ამოიშანთება, რომელიც თავის დროზე დათესა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა იდეოლოგიურმა მამებმა. მათ დასამარცხებლად საჭიროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს წარმატება, უკეთესი ცხოვრების პირობები, მეტი პერსპექტივა დაინახონ თავიანთ მომავალში. არც გაახსენდებათ მერე „ნაციონალები“.- განაცხადა შიხიაშვილმა.
ცნობისთვის, 25 მაისს თბილისის საკრებულომ 30 ხმით „ვარდების რევოლუციის მოედანს“ პირველი რესპუბლიკის სახელი მიანიჭა. პროტესტის ნიშნად, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლის ინიციატივა სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა წამოაყენა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, „ვარდების მოედნისთვის“ სახელის შეცვლის გადაწყვეტილება პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, 100 წლის იუბილეს უკავშირდება.
მოედნისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა საკრებულოში ოპოზიციამ გააპროტესტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ვაჩეიშვილმა ხელისუფლება ისტორიის წაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვარდების რევოლუცია საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის მონაპოვარია და მოედნისთვის ამ სახელის გადარქმევა სწორედ ისტორიის წაშლის მცდელობაა.