აკაკი ზოიძემ ზურაბ ჭიაბერაშვილს სარკასტულად, მითების შემქმნელი უწოდა

თქვენ ეკონომიკური ზრდის პირობებში გეზრდებოდათ სიღარიბე. 2013 წლის შემდეგ, სიღარიბე შემცირებულია – ასე მიმართა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებებით, რეალურად არაფერი შეიცვლება.
„თქვენ ეკონომიკური ზრდის პირობებში გეზრდებოდათ სიღარიბე. 2013 წლის შემდეგ, სიღარიბე შემცირებულია. ცნობილი მითების შემქმნელია ბატონი ზურაბი. მცირე მთავრობა ნიშნავს იმას, რასაც გვთავაზობს ბატონი პრემიერი. ტყუილებს იძახით, ბატონო ზურაბ. თქვენ რასაც ამბობთ, მაგას ჰქვია მცირე სახელმწიფო და არა მცირე მთავრობა. ადმინისტრაციული დანახარჯები, რომელიც არის 4.% და არა 27, 32, რაღაც ციფრებს რომ იძახით და შემცირდება 3.9%-მდე. თქვენ რასაც იძახით, ეს არის ბიუჯეტის ზომა ეკონომიკის ზომასთან. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განკარგვადი და არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები ეს არ არის, ეს არის ხარჯები ჯანდაცვაზე, განათლებაზე, თავდაცვაზე, ეს არის ხარჯები, რისთვისაც სახელმწიფო გვაქვს. თუ თავადი კროპოტკინის მიმდევარი ბრძანდებით და ამის ეჭვი დიდი ხანია მაქვს, მაშინ დაიწერეთ, რომ ანარქია არის წესრიგის დედა და ევროპული ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს. ჯანდაცვა თქვენ არ გინდათ, განათლება არ გინდათ და დაგვანებეთ თავი. მცირე მთავრობა არის არამხოლოდ სამინისტროების გაერთიანება, არამედ კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება, სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც მოიტანს, რომ ნაკლები დანახარჯი წავა ადმინისტრაციაზე და უფრო მეტი მოხმარდება ადამიანს. მითები, ბატონო ზურაბ, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყევით“, – მიმართა აკაკი ზოიძემ ჭიაბერაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები