ირმა ინაშვილი: ტელეკომპანია „რუსთავი2“ ციხის სკანდალურ კადრებზე ფილმს ამზადებს
მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებლის ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ციხის სკანდალურ კადრებზე ფილმს ამზადებს, რომლითაც საზოგადოებას დაარწმუნებენ, რომ ის დადგმული იყო. როგორც ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, „ციხის სკანდალური კადრებისა“ და „რუსთავი 2“-ს ფარული მიყურადების კადრების ერთამანეთთან შედარება მიუღებელია.
„ნაციონალურ მოძრაობას” „ციხის კადრები“ მოსვენებას არ აძლევს. ამ და “რუსთავი2”-ის კადრებს შორის პარალელების გავლება მიუღებელია. ამ ჩანაწერებმა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამხილა, რამაც შეარყია სააკაშვილის ხელისუფლება. ვიცი, რომ ე.წ მოწმეები ჰყავთ ჩაწერილი, რომლებიც ამბობენ, რომ დავდგით ყველაფერი. დიახაც, ჟურნალისტმა უნდა გაავრცელოს ფარული ჩანაწერები, თუკი იქ არის ასახული დანაშაული, მაგრამ იქ, რაც „რუსთავმა“ გაავრცელა, არაფერი სინტერესო, ან დანაშაულის შემცველი არ იყო… გარდა იმისა, რომ გავიგეთ, როგორ გადასარევად “ჟღურტულებდა” ერთმანეთში ახალი და ძველი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილსაც და ხელისუფლებას მივმართავ, ეს ყველაფერი, რაც ხდება თქვენი ბრალია, რადგან საზოგაოდება შეაგუეთ, რომ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, რომ უნდა ვაპატიოთ, რაც ჩაიდინეს. დღეს დაცულები არ ვართ, რაც განადგურდა, ის იყო დაწუნებული ფაილები, მაგრამ სად არის ასლები, ვინ გაიტანა ქვეყნიდან? სად არის ის კადრები, რომლებიც არ იყო დაწუნებული და მიჰქონდა ახალაიას სააკაშვილთან? მე ვიცი, რომ ქვეყნიდან გაიტანეს და არავინ იცის, როდის მოუნდებათ “იუთუბზე” მათი ატვირთვა “ნაციონალებს,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.