„წელს შსს დაკარგული მოსასმენი აპარატურის მოსაძიებლად შესაბამის ტექნიკას შეიძენს“

წელს შსს დაკარგული მოსასმენი აპარატურის მოსაძიებლად შესაბამის ტექნიკას შეიძენს – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა.
„2013 წლის აპრილში შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონკრეტულად თქვა, რომ არსებობს ისეთი აპარატურის შეძენის ფაქტები, რომელიც კონკრეტული ჩვენებებით დასტურდება და დგინდება, თუმცა ასეთი აპარატურა ჩვენ არ მოგვეპოვება, შესაბამისად, დაკარგულია და მან თეორიული შესაძლებლობა გამოთქვა, რომ შესაძლოა, სწორედ ამ აპარატურითაც განხორციელდეს ფარული, უკანონო მიყურადება. ასეთი აპარატურის არსებობა თანამედროვე ტექნიკის განვითარების კვალობაზე შესაძლებელია. თვითონ ამ აპარატურის გამოვლენაც სპეციალური ტექნიკური საშუალებით ხდება, რომელიც არანაკლებ ძვირადღირებულია, ვიდრე ის ტექნიკა, რითაც მოსმენები ხორციელდება. ასეთ ტექნიკურ საშუალებას ჯერ ჩვენი ქვეყანა არ ფლობს, რადგან გამოვლენის ტექნიკა ახალია და შესაბამისად, მოხდა ორი ტექნიკის ტესტირება სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ ვაპირებთ, ცდომილებისგან დაზღვეული და 100%–იანი ტექნიკის შეძენას წელს, მაგრამ ეს მილიონებთან არის დაკავშირებული და არამიზნობრივად ხარჯვა და იდენტიფიკაციის მაღალი ხარისხის გარეშე ტექნიკის შეძენა არასწორი იქნება“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები