ნორა კვიციანი: ოქრუაშვილი როგორ ბედავს ტელევიზიით გამოსვლას?

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც „კვირას“ ნორა კვიციანმა განუცხადა, მას დღემდე მიაჩნდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი მისი ძმის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა, თუმცა შეცდა. ნორა კვიციანი გაკვირვებას ვერ მალავს, თუ როგორ ბედავს ირაკლი ოქრუაშვილი ტელევიზიით გამოსვლას და იმის თქმას, რომ ის იყო ერთ-ერთი პირი, ვინც ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.
„2006 წელს, კოდორის ხეობაში რომ შემოვიდნენ და სპეცნაზი შემოიყვანეს, დაავიწყდათ? თითქოს ჩვენ ვიყავით კრიმინალები. მანამდე კი იარაღი დაგვირიგეს. არავინ გაუფრთხილებიათ და სროლა ერთმანეთში ატეხეს…. როგორც თავის დროზე ცხინვალში. რატომ დარიგდა იარაღი ხეობაში, ვინ დაარიგა ის? გამოძიება დაიწყონ და ყველაფერი გაირკვევა. დღეს დაკითხვები მიდის ამ საქმეზე. ერთი აუგის მთქმელი არ არის ემზარის მიმართ, ათასობით საჩივარი დევს ირაკლი ოქრუაშვილზე. თუკი კრიმინალი იყო ემზარი და უბედურის ერთი, რატომ იკავებდა ის რწმუნებულის პოსტს? მაშინ მე ვკითხულობ, მაშინვე  თბილისში რატომ არ დააკავეს? ემზარი საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას ინარჩუნებდა. რანაირად იყო კრიმინალი?
ვინ არის ოქრუაშვილი, რომ პასუხს არავის არ სცემს, რას წარმოადგენს? როგორ ბედავს ტელევიზიით გამოსვლას? 2006 წლამდე კოდორის ხეობაში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა. ვინ იცავდა კოდორის ხეობას? ვინ იცავდა მოსახლეობას? ვინ გადმოსვა რუსი დესანტები კოდორის ხეობაში… თვითონ დაბომბეს კოდორის ხეობა!  იქ ქალი დაიჭრა, შვილების დედა… პროკურატურა რატომ არ იწყებს გამოძიებას. იმიტომ ბედავს ოქრუაშვილი ამდენს, რომ გამოძიებას დაკითხული არ ჰყავს ჩემი ძმის საქმეზე,“- განუცხადა „კვირას“ ნორა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერით „ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ემზარ კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება თავად გასცა.
„მე ვიყავი ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი, ვინც კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები