მამუკა ბახტაძე: აშშ-ის კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ში ინიცირებულ, საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ჩვენს ქვეყანას შეერთებული შტატებიდან, ყველა მიმართულებით, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.
“ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის კონგრესში რეგისტრირდება მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ ვიღებთ უპრეცედენტო მხარდაჭერას, ყველა დონეზე, მათ შორის, კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მძლავრი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მან ამერიკელ მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები