ზვიად ფხაკაძე: სერგი კაპანაძის გადაწყვეტილება ჩემში გაურკვევლობას იწვევს

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის გუშინდელი განცხადებები მასში გაურკვევლობას იწვევს.
პროკურორის თქმით, კომისიას ჯერ მისი გამოკითხვაც არ დაუსრულებია და უკვე გადაწყვეტილება მიიღო, ანუ წინასწარ გამოთქვა პოზიცია.
“რაც შეეხება მ.კ-ს პასუხისმგებლობის საკითხს, მე ცალსახად ვადასტურებ და ვაფიქსირებ, რომ კონკრეტული პირის თანამონაწილეობა როგორც თანააღმსრულებლად გამოძიების ან სასამართლო განხილვის სტადიაზე არ გამოკვეთილა. თუ რატომ აკეთებს ბატონი სერგი ასეთ განცხადებას, ვერ მოგახსენებთ. მარტივი ლოგიკაა, კომისიას ჯერ ჩემი გამოკითხვაც არ დაუსრულებია და კომისიამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო, ანუ წინასწარ გამოთქვა პოზიცია. მე ვერ შევაფასებ ბატონი სერგის გადაწყვეტილებას, თუმცა ჩემში გაურკვევლობას იწვევს. არ გამოკითხულა კომისიის მიერ კონფლიქტის მონაწილე პირები, საქმის გამომძიებლები, ექსპერტები, რომლებმაც შესაძლოა ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. პირველი პირის გამოკითხვა, ანუ ჩემი გამოკითხვა არ არის დასრულებული და გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ისმის კითხვა, რა საჭიროა სხვა პირების გამოკითხვა თუ კომისიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება?! რაც შეეხება თანამონაწილეობის ფორმებს, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. რამდენადაც ვიცი, კომისიის ყველა წევრი არ არის იურისტი. ის ადამიანი, რომელიც ახორციელებდა დავით სარალიძეზე დაზიანებების მიყენებას, ის ვერ ხედავდა კალანდიას მოქმედებებს, ანუ მათ შორის საერთო განზრახვა და მიზანი ფაქტობრივად არ არის“, – განაცხადა ფხაკაძემ.
პროკურორის თქმით, თავად მ.კ. არ ცდილობდა დავით სარალიძისთვის დაზიანებების მიყენებას, არამედ მისი მიზანი იყო დაეშორებინა ან გაეშველებინა მოჩხუბარი მხარეები ერთმანეთისთვის.
რაც შეეხება ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.-ს დაზიანებასთან დაკავშირებით საქმის გამოყოფის საკითხს, მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„წარმოებაში არის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოყოფილი იქნა ძირითადი ანუ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან. მკვლელობის საქმეში ვგულისხმობ იმ საქმეს, რაც განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ. ხსენებული პირის დაზიანებასთან დაკავშირებით საჭირო და გადაუდებელი, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზები ტარდება“, – აღნიშნა ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის თქმით, გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები