ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და ფრანგული სამშენებლო კომპანია „პომაგალსკის“ პრეზიდენტმა ჟან სოშალმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის საგანს მხარეთა შორის ჭიათურაში საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება წარმოადგენს. მემორანდუმის ხელმოწერამდე, „პომაგალსკის“ ხელმძღვანელობა სტუმრობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც, ჭიათურის საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა: გიორგი ამაშუკელმა და გიორგი სოლომონიამ, სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა, ფრანგულ სამშენებლო კომპანია „პომაგალსკის“ წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს ჭიათურის საბაგირო გზების მშენებლობის როგორც ტექნიკური, ისე იურიდიული და ფინანსური დეტალები. მშენებლობის კონტრაქტს ხელი ამ საკითხებზე საბოლოო შეთანხმებისთანავე მოეწერება. ჭიათურის საბაგირო გზების მშნებლობის პროექტს საფრანგეთის მთავრობა გრძელვადიანი სესხის სახით აფინანსებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,17% იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები