აკა მორჩილაძის რომანი აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება
2014 წელს კულტურის სამინისტრო აკა მორჩილაძის რომანის „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას აპირებს. აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) – ქართველი მწერალი და ისტორიკოსი 1966 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრებია: “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, “მოგზაურობა ყარაბაღში”, “აგვისტოს პასიანსი”, “სხვანი”, “შობის ღამის ალქაჯები”, “სანტა ესპერანსა”, მადათოვის ტრილოგია: „გადაფრენა მადათოვზე და უკან”, „გაქრები მადათოვზე”, „ვეშაპი მადათოვზე” და სხვ. რომანი “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”1999 წელს სანდრო ახმეტელის თეატრში დაიდგა. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია. მწერალმა ხუთჯერ მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა” საუკეთესო რომანისთვის. 2010 წელს მისი რომანი „მამლუქი” წლის საუკეთესო რომანისთვის ილიას უნივერსიტეტის პრემიით დაჯილდოვდა. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს, მისი საქამიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნა და გამოცემაა, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული მწერლობის მეზობელ ქვეყნებში გატანასა და მათ დაინტერესებას.