ეკა სეფაშვილი: საქართველოში ძალადობრივი გადატრიალების მცდელობები იყო — რადიკალებთან პეტერ ფიშერის შეხვედრის მიზანიც ესაა
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ფიშერის რადიკალებთან შეხვედრა და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები ერთიანი სცენარის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა იყო.
„იყო მცდელობა, რომ საქართველოში ძალადობრივი გადატრიალება მომხდარიყო… 4 ოქტომბრამდე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიაც კი გვეუბნება, თუ რა მზადდებოდა საქართველოში”, — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული გარე აქტორები ცდილობდნენ საქართველოს ჩათრევას ომში, რისთვისაც ქვეყანაში მილიონობით დოლარი დაიხარჯა სხვადასხვა ფონდისა და ორგანიზაციის მეშვეობით, ხოლო ბოლო მოვლენებმა ეს გეგმა საბოლოოდ გამოავლინა.
„ეს შეხვედრა (პეტერ ფიშერის შეხვედრა რადიკალურ ოპოზიციასთან) ჩემთვის პირადად კითხვის ნიშნებს ნაკლებად აჩენს — პირიქით, ნათელი პასუხია იმ კითხვებზე, რომლებიც აქამდე საზოგადოებას ჰქონდა. საქართველოს მიმართ საერთაშორისო ზეწოლა 2022 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ უარი განაცხადა ომში ჩართვაზე, სადაც ჩვენს ქვეყანას პაიკის როლი უნდა შეესრულებინა. სწორედ 2022 წლიდან სხვადასხვა აქტორი ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. ფიშერის რადიკალებთან შეხვედრაც ამ ამოცანის შესრულების ერთ-ერთი მორიგი მცდელობა იყო.
ვიცით, რომ ამ მიზნით საქართველოში მილიონობით დოლარი დაიხარჯა — USAID-ის, სხვადასხვა კერძო ფონდისა და ცალკეული სახელმწიფოების მეშვეობით ფინანსდებოდა აქციები, ტარდებოდა ტრენინგები ახალგაზრდებისთვის, მზადდებოდა რევოლუციური სცენარები, სადაც პირდაპირ ამბობდნენ, რომ აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდებოდა, რადგან ეს არის ჯგუფი, რომლის მობილიზებაც შედარებით ადვილია და მარტივად შეიძლება მათი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის.
ჩვენ ამ სცენარით განვითარებული მოვლენები ვიხილეთ, განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას გასული წლის 28 ნოემბრიდან განვითარებულ პროცესებზე, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ეს საზოგადოებას ისე გადაუთარგმნეს, თითქოს საქართველომ საერთოდ უარი თქვა ევროინტეგრაციაზე. ამის შემდეგ, 4 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არა მხოლოდ რადიკალები, არამედ ევრობიუროკრატებიც გამოდიოდნენ რადიკალური განცხადებებითა და ხელისუფლების გადატრიალების მოწოდებებით. შეგვიძლია გავიხსენოთ მარტა კოსისა და მაია სანდუს განცხადებები.
იყო მცდელობა, რომ საქართველოში ძალადობრივი გადატრიალება მომხდარიყო. შეგახსენებთ ფაქტების თანმიმდევრობას — არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს უკრაინიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც ტროტილზე უფრო ძლიერი იყო. ასევე, ტყეში ჩამალული საბრძოლო იარაღი და ტყვია-წამალი. ამ ფაქტების ქრონოლოგიაც კი ნათლად მიუთითებს, თუ რა მზადდებოდა საქართველოში.
მადლობა ჩვენს ხალხს, რომ პოლიტიკურად საკმაოდ მომწიფებულნი არიან, მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი და მსგავს პროვოკაციებს არ ჰყვებიან. ასევე დიდი მადლობა სამართალდამცავებს, რომელთა მაღალმა პროფესიონალიზმმა ეს დანაშაულები დროულად აღკვეთა საქართველოში”, — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.