მეუფე პეტრე: ველოდები, რომ პატრიარქი მეუფე შიოს ლეგიტიმაციის საკითხზე განმარტებას გააკეთებს

ველოდები, რომ საქართველოს პატრიარქი მეუფე შიოს ლეგიტიმაციის საკითხზე განმარტებას გააკეთებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა ბოლო რვა თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა, აქედან გამომდინარე, ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. კრება იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები განხილული კრებაზე იქნას.
დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, წმინდა მღვდელი თევდორე კველთელის ხსენებისა. მღვდელი, რომელმაც თავი ერისა და მეფის გადასარჩენად გასწირა. შევთხოვ უფალს, მისი შეწევნით, წმინდა სინოდის სხდომა დალოცოს და ბევრი მომადლოს საქართველოს ეკლესიას და ერს ერისთვის თავდადებული ადამიანები“, – განაცხადა მეუფე პეტრემ და დასძინა რომ მეუფე შიოსთან დაკავშირებით ის უწმინდესის განმარტებას ელოდება.
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. მღვდელმთავრები ამ წუთებში იკრიბებიან. სხდომას, ტრადიციულად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. ეს სინოდის პირველი გეგმური სხდომაა მიმდინარე წელს. როგორც წესი, წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს. ბოლო სხდომა გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები