84 წლის ნუნუ დვალი ოჯახში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი საკუთარი დის და დისშვილის მხრიდან გახდა

0

ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარი – 84 წლის ნუნუ დვალი ოჯახში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი საკუთარი დისა და დისშვილის მხრიდან გახდა. ამ უკანასკნელებმა ადრე მასზე მეურვეობა აიღეს და ისინი ხანდაზმულ ქალს, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობითაა დაავადებული, გაუსაძლის პირობებში აცხოვრებენ. ქალი ჩაკეტილი ჰყავთ ოთახში, სადაც საშინელი ანტისანიტარიაა.

ჩერნოვეცკის ფონდის ინფორმაციით, ნუნუ დვალის ნათესავები ფონდის თანამშრომლებს სახლში არ უშვებენ, არ აძლევენ ხანდაზმული ქალის მოვლის, გამოკვებისა და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების საშუალებას. უფრო მეტიც, ისინი მედპერსონალს უხეშად ესაუბრებიან და ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადადიან. ბოლო ვიზიტისას, ჩერნოვეცკის ფონდის ექთნები პაციენტს ფანჯრიდან ესაუბრნენ. იგი ჩიოდა, რომ მშიერია და ითხოვდა თავშესაფარში გადაყვანას. ამავე დროს, ნათესავები ირწმუნებიან, რომ ისინი ნუნუ დვალს კარგად უვლიან, ხოლო ოთახში იმის გამო ჩაკეტეს, რომ ქმედუუნაროა და სახლიდან გარბის. ისინი მოითხოვენ, რომ ფონდი მათი ოჯახის ცხოვრებაში არ ჩაერიოს. სწორედ შიშის გამო ნუნუ დვალი უარს ამბობს პატრულის და სოციალური მუშაკის გამოძახებაზე, თუმცა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს შესაბამისი ზომების მისაღებად, უუკვე მიაწოდა.

ჩერნოვეცკის ფონდი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თხოვნით – შეისწავლონ შექმნილი ვითარება, მიიღონ ქმედითი ზომები და დაიცვან ხანდაზმული ქალის უფლებები!

კომენტარები

კომენტარი