მედია: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ვაშინგტონის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკით ამერიკელების უკმაყოფილების გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი 38%-მდე დაეცა.

ამას მოწმობს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს სააგენტო „როიტერმა“ და საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Ipsos-მა.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს ტრამპის ამჟამინდელი ვადის ყველაზე დაბალი დონეა. იანვრის შუა რიცხვებში მხარდაჭერის დონე 41%-ს შეადგენდა.

ტრამპის, როგორც პრეზიდენტის, მოღვაწეობა დადებითად შეაფასა გამოკითხულთა 38%-მა. გამოკითხულთა 59%-მა საპირისპირო აზრი გამოთქვა. დანარჩენებმა პასუხი არ გასცეს.

გამოკითხულთა 58%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახური ქვეყანაში არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვის კუთხით „ძალიან შორს წავიდა“.

მონაცემების თანახმად, გამოკითხულთა 35% ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ პოლიტიკას ეფექტურად მიიჩნევს, ხოლო 56% უკმაყოფილოა.

მედიის ცნობით, ტრამპმა არაერთხელ დაუჭირა მხარი უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას. ინაუგურაციისთანავე, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ აპირებდა ამერიკის ისტორიაში არალეგალური იმიგრანტების ყველაზე მასშტაბური დეპორტაციის ოპერაციის ჩატარებას. ბოლო თვეების განმავლობაში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა ამერიკის მრავალ ქალაქში. მონაწილეებმა ტრამპის ადმინისტრაცია არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზედმეტად მკაცრი ზომების მიღებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები