ID-ბარათზე ინფორმაციის დატანას კანონი განსაზღვრავს
ელექტრონული პირადობის მოწმობაზე, მოქალაქის თანხმობის გარეშე, სახელმწიფოს აეკრძალება იმაზე მეტი ინფორმაციის შეტანა, ვიდრე დღეს ამ ბარათში უკვე არის. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, დღეს ამ ბარათზე არის მხოლოდ ინფორმაციები, რაც ხილულად ჩანს.
“არაფერი სხვა ჩვენს მონაცემთა ბაზაში ამ ბარათის უკან დაცული არ არის. მეტი სხვა ინფორმაცია არ ინახება, გარდა იმისა, რაც ამ ბარათზე ორივე მხარეს ხილულად არსებობს პლიუს მოქალაქის მისამართი. მეტი რამე ელექტრონული პირადობის მოწმობის მქონე პირის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესმენებისგან, სტუდენტებისგან, დევნილებისგან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისგან არის მოთხოვნა, მათ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ინახებოდეს ამ ბარათში. “ჩვენ გვჭირდება კანონი და, ვფიქრობ, ეს არის საფუძვლიანი, ლეგიტიმური, რომელიც იტყვის, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქეს სურვილი აქვს, მისი ნებართვით სერვისების განვითარების სააგენტომ შეძლოს ამგვარი ინფორმაციის დატანა და დამატება იმ საბაზისო ინფორმაციაზე, რომელსაც ყველა სახელმწიფო უნდა ინახავდეს. ეს არის გვარი, სახელი, მოქალაქეობა, დაბადების წელი, ხელმოწერა და მისამართი. მეტი არაფერს სხვას, თუკი არ არის თანხმობა მოქალაქის მხრიდან”, – განაცხადა წულუკიანმა.
ამ ინიციატივის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ფიქრობს, რაც კონსულტაციების საგანი გახდება.