ნინო ბურჯანაძე: სამარცხვინოა, რომ საგამოძიებო კომისიას გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს

პარტია „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის შესახებ ისაუბრა.
ნინო ბურჯანაძე ტრაგიკულად აფასებს იმ ფაქტს, რომ ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს და წინა ხელისუფლების შედომებზე ვერ სწავლობს.
„ის ფაქტი, რის გამოც ეს პროტესტი დაიწყო, ყველასათვის შემაძრწუნებელია. ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ ყველა ხელისუფლება იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომებს, დანაშაულს და არ სწავლობს წინა ხელისუფლების შეცდომებზე, რასაც რეალურად გადაჰყვა კიდეც წინა ხელისუფლება.
ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ამოცანაა, რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსიროთ სოლიდარობა შვილმკვდარი მამების და მათი ოჯახებისადმი, როგორც სარალიძის, ასევე დადუნაშვილის, მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ბურჯანაძემ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ სტუმრობისას განაცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება.
„ეს პროტესტი არის სამართლიანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს, თუმცა, მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ სისტემაში სამართლიანობა აღდგეს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კომპონენტი უნდა გადაიწიოს. ყველა პოლიტიკური პარტიის აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ, ყველა პოლიტიკური პარტია დავდგებით სადარაჯოზე და დავაყენებთ მოთხოვნას რასაც გჰქვია სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეების დასჯა და ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პასუხის გაცემა იმ უბედურებებზე რაც მოხდა, ასეთ შემთხვევაში ეს ვერ იქნება პოლიტიზირებული პროცესი“,- აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.
ნინო ბურჯანაძემ სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს რომ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიოებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.
„სამარცხვინოა, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ და საგამოძიებო კომისიას გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ რომელი უფრო არის ნიკა მელია რომ ხელმძღვანელობს ამ წუთას, თუ ის, „ნაციონალური მოძრაობას“ რომელმაც „ევროპული „საქართველო“ დაირქვა და უგულავა, ბაქრაძე და ბოკერია არის სათავეში?! რომელი უფრო დიდი „ნაციონალია“ ბოკერია თუ მელია?“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები