იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის მექანიზმების გაძლიერების საკითხებზე პრეზენტაცია გამართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა გადიმ ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის მექანიზმების გაძლიერების საკითხებზე, პარლამენტში პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების კამპანიაში მონაწილეობისკენ  მოუწოდეს.

„დღეს პრეზენტაცია პარლამენტში იმართება ნიშნად იმისა, რომ დღეს, როგორც არასდროს, ძალიან აქტუალურია ამ თემების ირგვლივ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება  და ჩვენი შესაძლებლობების კონცენტრირება იმისთვის, რომ ერთად ვებრძოლოთ ბავშვთა მიმართ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას სადაც არ უნდა იყოს ეს – სკოლაში, სკოლის გარეთ,  საჯარო სივრცეებში, სხვადასხვა ტიპის თავშეყრის ადგილებში, ოჯახში თუ ა.შ.” – განაცხადა ეკა ბესელიამ საზოგადოებისადმი მისასალმებელი სიტყვით მიმართვისას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე და საჭირო გახდა ამ მოვლენებთან დაკავშირებით  ხელისუფლების ყველა შტოს, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის და ნებისმიერი ადამიანის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი და ბავშვის უფლებები,  ერთობლივი ძალისხმევის გაერთიანება.

ეკა ბესელიას განცხადებით, დაწყებული კამპანია არის მართლაც მნიშვნელოვანი შინაარსის  მატარებელი – ეს საკმაოდ დატვირთული პროცესი იქნება იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი საზოგადოებრივი დიალოგის პროცესს სახელწოდებით „დაასრულე ძალადობა”, რომელშიც მოიაზრება ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლინებები.

„ამ დიალოგის ფორმატში უნდა დავინახოთ ჩვენი როლი – რა შეიძლება გააკეთოს პარლამენტმა, რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ, საზოგადოებამ, ადგილებზე მხარდამჭერებმა და ამ კამპანიის მონაწილეებმა  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ შევთანხმდეთ ერთიან საკომუნიკაციო ფორმებზე, ერთიან პრინციპებსა და ხედვაზე ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელ ლაილა გადის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა არის მოწოდება ქმედებებისაკენ, რომელიც მიმართული იქნება ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულებისკენ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდა  ერთ-ერთი იმ თექვსმეტი ქვეყნიდან, რომლებიც დაფიქსირებული არიან როგორც ე.წ. გზამკვლევი ქვეყნები ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების საქმიანობაში და ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ამ მნიშვნელოვანი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, აღსანიშნავია მსოფლიო პარტნიორობის ფარგლებში”, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში. მისი თქმით, ამ საზოგადოებრივი კამპანიის მეშვეობით, გამოვლინდება ძალადობის ადგილები და დაისახება მისი გადაჭრის გზები. მან ხაზგასმით აღნიშნა ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული როლი და პარლამენტის მიერ 2016 წელს მომზადებული სამართლებრივი რეფორმის პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო იცავს ბავშვებს ძალადობისაგან.

ლაილა გადის განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი კვლავაც გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან.

შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა. მათი თქმით, კამპანია, რომელიც დღეს იწყება, იქნება ყოვლისმომცველი, რათა სრულად შევცვალოთ ქვეყანაში ბავშვთა აღზრდის მეთოდები და საბოლოოდ აღმოვფხვრათ ბავშვთა მიმართ ძალადობა. საქართველოს მთავრობა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ამ საკითხებზე.

ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის შესახებ ისაუბრა გაერო-ს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ, ხოლო ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გზამკვლევი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებული თვითშეფასების შედეგები წარმოადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სამდივნოს მრჩეველმა თორნიკე დვალმა.

დასასრულს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ  შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებებზე  იმუშავებს და ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამ სფეროში საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვან ხედვას შესთავაზებს,  სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიისთვის იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები