თელავის საავადმყოფო ავარიისას დაშავებულმა ყველა პაციენტმა დატოვა
თელავის რეფერალური საავადმყოფო გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულმა ყველა პაციენტმა დატოვა. როგორც „კვირას“საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დილის მონაცემებით, საავადმყოფოში სულ რვა პირი რჩებოდა, შვიდი მათგანი სახლში გაეწერა. რაც შეეხება გოგონას, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
„ერთი გოგონა, რომელსაც ჩვენს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას გუშინდელი ავარიის შედეგად, დედა დაეღუპა. რაც შეეხება დანარჩენ შვიდ ადამიანს, ისინი ბინაზე გაეწერნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, -განუცხადა „კვირას“ხათუნა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.