პრეტორიაში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში მდებარე კულტურულ ცენტრში – ბრუკლინის თეატრში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავთან და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიებას სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო სტრუქტურების, პრეტორიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური და ბიზნესწრეების, მედიის, სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს მეგობრები – სამხრეთ აფრიკიდან, მსოფლიოს და აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებიდან.
საღამო, რომელიც აფრიკის სამხრეთის რეგიონის და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს ბატონ მარიუს ჰაინსს იჰყავდა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებით გაიხსნა, ასევე, შესრულდა საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ჰიმნები. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობაზე, ქართველი ერის მიერ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და დემოკრატიული ქვეყნის განსამტკიცებლად გადადგმულ ნაბიჯებზე და მიღწევებზე გაამახვილა. საუბარი ასევე დაუთმო, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და სამხრეთ აფრიკის, ასევე, მთლიანად რეგიონის სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების განვითარების მიზნით მიმდინარე ძალისხმევაზე.
სამხრეთ აფრიკის შრომის მინისტრის მოადგილე, ცნობილი სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი ნქოსი ფათეკილე ჰოლომისა ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო და სტუმრებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების სახელით მიმართა.
მან ხაზი გაუსვა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და განაცხადა, რომ მისი ქვეყნის სურვილია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მრავალმხრივი ურთიერთობები გააღრმავოს.
საზეიმო პროგრამის ფარგლებში, სტუმრების წინაშე წარსდგა ახალგაზრდა ქართველი პიანისტი სოფო ლეჟავა, რომელმაც პრეტორიას, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ საზეიმო მიღებაში და სხვა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ესტუმრა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ 4 ივნისის მიღებაზე, იგი დამსწრე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე კლასიკური საფორტეპიანო კომპოზიციებით წარსდგა, მათ შორის, შეასრულა ბიძინა კვერნაძის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები. საღამოს მსვლელობისას, საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.
აღსანიშნავია, რომ სოფო ლეჟავას აფრიკაში ტრანსპორტირება, „ჯორჯიან მანგანეზმა“ უზრუნველყო.