ალი ბაბაევი: საქართველოს მოქალაქე 300 ათასი აზერბაიჯანელიდან, 90 პროცენტი არსებული ხელისუფლების მხარდამჭერია
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, „საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური და სამართლებრივი უფლება არ აქვს, მოითხოვოს მთავრობის გადადგომა და ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.
რეჟიმი, რომელიც 9 წლის განმავლობაში გვარბევდა, გვხოცავდა და გვატერორებდა, დღეს ხელს უშლის ქვეყნის ნორმალურ ცხოვრებას და განვითარებას. ჩვენ საქართველოს აზერბაიჯანლები არ დავუშვებთ, რომ ეს ძალა რაიმე სახით კვლავაც მობრუნდეს ქვეყნის სათავეში და ყველანაირად დავუპირისპირდებით ზონდერებს. ყოველთვის ვიდექით იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, იყო ეს ნოემბრის, თუ მაისის საპროტესტო აქციები და კვლავაც დავდგებით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაითვალისწინოს, რომ საქართველოში 300 ათასი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და აქედან 90 პროცენტი არსებული ხელისუფლების მხარდამჭერია – განუცხადა ჟურნალისტებს ალი ბაბაევმა.
აღნიშნული განცხადება „საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის“ ხელმძღვანელმა, უფლებადამცველ გრიგოლ გაგნიძესთან ერთად გააკეთა. როგორც გაგნიძე აცხადებს, ის 10 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ემიჯნება სხვა არასამთავრობოების მოთხოვნებს, იუსტიციის მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომასთან დაკავშირებით:
“კარგად გადახედეთ, ვინ მოითხოვს ხელისუფლების გადადგომას. ეს ის ორგანიზაცებია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფუძნდა და დღემდე ისინი აფინანსებენ. ზვიად კუპრავამ ურცხვად განაცხადა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში, თურმე, ხალხს კანონიერად ხოცავდნენ. ჩვენ ვემიჯნებით მათ აბსურდულ მოთხოვნებს და მხარს ვუჭერთ არსებულ ხელისუფლებას – განაცხადა გაგნიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.