ნინო ლომჯარია: შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა დამატებითი ფინანსები დროებითი ფართის საქირავებლად

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მადლობა უხდის ყველას, ვინც მას გამოეხმაურა და შესთავაზა სამუშაო სივცრის გამოყოფა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, შესაბამისი უწყებებისგან მიიღეს დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა დამატებითი ფინანსები დროებითი ფართის საქირავებლად, რათა აპარატი სრული შემადგენლობით გადავიდეს ერთიან შენობაში.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურა და შემოგვთავაზა სამუშაო სივცრის გამოყოფა! დიდი მადლობა მედიას, ყველა ჟურნალისტს, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა! თქვენი მხარდაჭერა მეიმედება და მახარებს.

ამ ეტაპზე შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა დამატებითი ფინანსები დროებითი ფართის საქირავებლად, რაც საშუალებას მოგვცემს, აპარატი სრული შემადგენლობით გადავიდეთ ერთიან შენობაში.

პარალელურ რეჟიმში განიხილება ერთ-ერთი შენობის რეაბილიტაცია, სადაც საექსპერტო დასკვნის შემდეგ, დაიწყება სარემონტო სამუშაოები და იმედს გამოვთქვამ, რომ გონივრულ ვადაში დადებითად გადაწყდება და დასრულდება აღნიშნული პროცესი.

მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც მყისიერად გამოგვეხმაურა და დახმარება შემოგვთავაზა; მადლობა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), გურია ნიუსს, ბიოლის ფონდს, თანასწორობის მოძრაობას, sakdoc film-ს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ევრო რეგიონალურ უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, ილიას უნივერსიტეტს, დემირელის კოლეჯს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს.
ბოდიშს გიხდით თუ ვინმე გამომრჩა, ბევრნი ხართ და საუკეთესოები”,-წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სახალხო დამცველმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე სურათები განათავსა, სადაც გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ომბუდსმენის ოფისში გაჩენილი ბზარები იყო ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები