გიორგი კახიანი: დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდა არ იგეგმება, ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, დეპუტატებისთვის ხელფასების შესაძლო ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნული დეზინფორმაციად შეაფასა.

გიორგი კახიანის თქმით, ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტის პროექტში გაჩნდა  ჩანაწერი (მუხლი 14. პარლამენტის წევრის გასამრჯელო).

„მოგეხსენებათ, კონსტიტუცია, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრთა ხელფასი  განისაზღვროს საკანონმდებლო აქტით. რეგლამენტი არის საკანონმდებლო აქტი.  აქამდე ამ საკითხს აწესრიგებდა კანონი პარლამენტის წევრთა ხელფასის შესახებ. ამჯერად  საკითხს მოაწესრიგებს რეგლამენტი. ეს  არის პროექტით გათვალისწინებული, რაც   სუფთა სამართლებრივი ტექნიკის საკითხია და არანაირი კავშირი  ხელფასების შესაძლო ზრდასთან  ამას არ აქვს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება და ამაზე საუბარიც არ  ყოფილა.

„უფრო მეტსაც გეტყვით, 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში,  პარლამენტის წევრთა ხელფასი არცერთი თეთრით არ გაზრდილა”,- აღნიშნა კახიანმა.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას მეტი სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან, მისი თქმით,  საკითხი საზოგადოებაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს და სრულიად სამართლიანსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები