კახა კალაძე: მადლობა მემანქანეებს, რომ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს (ვიდეო)

“თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ საზოგადოებას, გაფიცულ მემანქანეებს, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, გუშინ ღამით, ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ასევე, მოვისმინეთ მათი მხრიდან არსებული პრობლემები, რომელიც მემანქანეებს აწუხებთ. ჩემი მხრიდან იქნა მიცემული პირობა, რომ 2019 წელს, აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მუნიციპალიტეტის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ არსებული მდგომარეობა გაითავისეს. მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე, რომ მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო ავტობუსის მძღოლებს, იმ შრომისთვის, რაც მათ ამ დღეების განმავლობაში გაწიეს. მესმის, რომ ძალიან რთული იყო ამ პირობებში მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა კი, მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია. გაძლევთ პირობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი ჩვენი მომავალი თაობებისთვის უკეთესი იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა თბილისის რაიონების გამგებლებს, რომელთა ავტომობილები მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები