„კითხვების ნაცვლად ბოთლები ესროლეს, არასტრატეგიული და მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხული ქმედება იყო“
ჟურნალისტი ლელა წიკლაური ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
როგორც წიკლაური ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, აქციაზე მისული პრემიერ-მინისტრისთვის ბოთლების სროლა არასწორი ნაბიჯი იყო.
ჟურნალისტის შეფასებით, რომ არა აღნიშნული ინციდენტი, მოვლენები სხვა სცენარით განვითარდებოდა და მთავრობის მეთაური ხალხის კითხვებზე პასუხებს გასცემდა.
„კითხვების ნაცვლად ბოთლები ესროლეს, არასტრატეგიული და, მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხული ქმედება იყო. არადა მოვლენების სხვა სცენარით განვითარება უფრო საინტერესო იქნებოდა… ქვეყნის მეთაურს ხალხის კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევდა და ის ამისთვის მზად იყო ! … გულდასაწყვეტია… მეორე მხრივ, როცა ხელისუფლება საკუთარ შეცდომებს ხედავს, აღიარებს და რეაგირებს ქვეყნისთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია… როცა ხალხის ხმა ისმის მიღწევაა… და თუ დაგვიანებულ, მაგრამ დღეს დადებულ პირობასაც შეასრულებს ხელისუფლება, ჩავთვლი, რომ ერი გაზრდილია… ახალგაზრდა თაობა პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიებზე აღარ იზრდება და თავისი ჩამოყალიბებული მოქალაქეობრივი თვითშეგნება აქვს… იცავს მას და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეც გამოსდის“, -წერს ლელა წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან გუშინ გამართულ აქციაზე მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მომიტინგეებმა, სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს და ბოთლები ესროლეს.