ევროსაბჭოს კომისარი მოხსენებაში საქართველოში უკანონო მოსმენებზე საუბრობს

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 24 ათასი ვიდეო და აუდიოჩანაწერი აღმოაჩინა, რომელიც არალეგალური გზით იყო მოპოვებული, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარის ნილს მუიჟნიეკსის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი უკანონო მოსმენებს ეთმობა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის თქმით, ჩანაწერები ასახავდა პირად ცხოვრებას, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების საუბრებს. ვიდეოჩანაწერები კი შეიცავდა პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებს. “ოფიციალური განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უკანონო სატელეფონო ჩანაწერები აღარ ხორციელდება და სატელეფონო ჩანაწერის მოსმენა მხოლოდ გამოძიების კონტექსტში, სასამართლოს ბრძნების საფუძველზე ხდება. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავარი სატელეკომუნიკაციო კომპანიები კვლავაც აღჭურვილი არიან “შავი ყუთებით”, რომლებიც უკანონო სატელეფონო მოსმენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, არასამთავრობოებმა და ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა გამოხატეს შეშფოთება, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების ნაკლებობის გამო და ხაზი გაუსვეს ოპერატიული და საგამოძიებოს საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობას, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და განსაკუთრებით, კონფიდენციალური უფლებების კუთხით”, – აღნიშნულია ნილს მუიჟნიეკსის ანგარიშში.
ამასთან, ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი მიესალმება საქართველოში პატიმართა მოპყრობის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ციხეებში გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას. გარდა ამისა, კომისარი დადებითად აფასებს პერსონალური მონაცემების ინსპექტორის დანიშვნას.
“უნდა გადაიდგას ნაბიჯები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალური უფლებების დასაცავად, მათ შორის – უკანონო თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალების ფლობისა და შეგროვების უკანონოდ ცნობით. ტექნიკური და ფიზიკური თვალთვალი უნდა დარეგულირდეს და ნებისმიერი ასეთი აქტივობა სასამართლოს ზედამხედველობით განხორციელდეს”, – აღნიშნულია ანგარიშში. ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში 20-დან 25 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები