„ახალგაზრდა ადვოკატები“: სახელმწიფომ ხორავას ქუჩაზე დანაშაულის გამოძიება, გასაჩივრების ნაცვლად, თავიდან უნდა დაიწყოს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენის შედეგად თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა ჩხუბის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე გამოტანილ განაჩენსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის პოზიციებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის გამოძიება, სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ნაცვლად, თავიდან უნდა დაიწყოს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმესთან დაკავშირებით აიღოს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა, ვინაიდან სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ დანაშაულის ჩამდენი რეალური პირი ან პირები, ხელშეუხებელია.

“საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეზე საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევის პარარელურად, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს საქმეზე ყველა ფაქტობრივი მასალის გასაჯაროვება, რათა საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გაეცეს. ბრალდების მხარის წარმოებულ საქმეზე ინსტიტუციური პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავარ პროკურორს, რომლიც დაუყოვნებლივ უნდა შეხვდეს გარდაცვლილი ოჯახის წევრებს და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს თანამდებობაზე ყოფნის გადაწყვეტილება”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნის ტერიტორია არ დატოვოს, ნებისმიერი საპროცესო სტატუსის მიუხედავად, საქმესთან შემხებლობაში მყოფმა არც ერთმა პირმა.

“ახალგაზრდა ადვოკატები” მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანობის განცდის დაბრუნება საზოგადოებაში, სწორი დასკვნები გააკეთოს არსებულ გამოწვევებზე და პოლიტიკური გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ინტერესებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები