ირაკლი შოთაძე: ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს

„თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების მიმართ საზოგადოებაში კითხვები არსებობს, ეს კითხვები ჩემთვის ლეგიტიმურია“, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მთავარი პროკურორის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს.
„ჩემთვის პირადად არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეს კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი, არავის დარჩეს შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც არ გაკეთდა. ჩვენ ვაპირებთ, ბოლო დღეებში, როდესაც ამ საქმის მიმართ დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება, იმ დღიდან ვცდილობდი, შევხვედროდი ზაზა სარალიძეს და მასთან მქონოდა საუბარი სისხლის სამართლის საქმეზე, იმ ქმედებებზე, იმ საპროცესო მოქმედებებზე, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე გააკეთა. ასევე, მინდოდა, გულწრფელად მესაუბრა და მისთვის შემეთავაზებინა და მეთქვა ის ქმედებები, ის ღონისძიებები, რის გაჟღერებასაც ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისი თქმით, ამაზე პროკურატურამ საჯაროდ აქამდე იმიტომ არ ისაუბრა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი.
„ამაზე საჯაროდ იმიტომ არ ვისაუბრეთ, რომ სასამართლო განხილვები ბოლოში იყო გასული და რამდენიმე დღე იყო დარჩენილი გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეს რომ არ აღქმულიყო სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად, ამაზე საჯაროდ აქამდე არ გვისაუბრია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ამასთან, როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენს პროკურატურა არ ეთანხმება და გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ირაკლი შოთაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სასამართლომ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა:
„2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში“.
სასჯელის დანიშვნის სხდომა ხვალ, 1-ელ ივნისს, 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები