ხანდოს X საუკუნის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს X საუკუნის ეკლესიას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. პერანგი კარგად ნათალი კვადრებითაა ნაწყობი. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია, რომლის თავსართები ჯვრის გამოსახულებებითაა შემკული.  საკურთხეველში, სარკმლის ძირში ქვის ტრაპეზია. საკურთხევლის წინ, დარბაზში კვარცხლბეკზე აღმართული ქვის დიდი ქვაჯვარია. ეკლესია შელესილია. საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ იკითხებოდა მხატვრობის ფრაგმენტები.
ჩრდილოეთის მხარეს, ტაძრის კედელზე თაღნარია გაკეთებული, რომელიც, ამავე დროს, გარშემოსავლელის კამარის საბჯენია. აღმოსავლეთ კედელთან აქაც ქვაჯვარი დგას. ტაძარში იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული.
გარშემოსავლელის სამხრეთ კედელზე, თაღის გვერდით ჩასმულია ასომთავრულით შესრულებული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე სამხარაი“.
ხანდოს ეკლესიას ერთგვარ უნიკალურობას სძენს დარბაზში აღმართული ქვაჯვარა, რომელიც, როგორც ჩანს, იდგა და შემდეგ სწორედ მასზე ააშენეს ეკლესია. მასზეა მორგებული ეკლესიის დასავლეთის კარიც. ხანდოს ეკლესიას გააჩნია ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (კაპიტელები, თაღნარები, თაღოვანი სარკმლები, თაღით გახსნილი გარშემოსავლელი), პალეოგრაფიული ნიმუში, სალოცავის განსხვავებული ტიპი (ქვაჯვარა და სვეტების ნაწილები).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები