,,ღამისთევა ფინეგანისათვის”: ქართულად თარგმნის თავისებურებები“ – საჯარო ლექცია გაიმართება
31 მაისს, 15:00 საათზე, თსუ პირველ კორპუსში, იოსებ ყიფშიძის სახელობის აუდიტორიაში (№219), თამარ გელაშვილის საჯარო ლექცია – „ჯეიმს ჯოისის რომანის ,,ღამისთევა ფინეგანისათვის” – ქართულად თარგმნის თავისებურებები“ – გაიმართება.
თამარ გელაშვილი: „ოჰ, მომიყევი ყველაფერი ანა ლივიაზე! ყველაფერი მსურს ვიცოდე ანა ლივიაზე! იცნობ ანა ლივიას?“ – ნათქვამია მერვე თავში…
31 მაისს მხოლოდ ანა ლივიაზე როდი მოგიყვებით, არამედ ჰამფრი ჩიმპდენ ეარვიკერსა და ფენიქსის პარკში მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, ტყუპებზე – შემსა და შონზე – რომლებიც მამას უმხედრდებიან და მისი ადგილის დაკავება სურთ, ცისარტყელა გოგო – ისიზე, ბებრუხანა მნე ქეითზე, რომელსაც ყველგან შესვლა შეუძლია და სანტექნიკოსს საკერსონზე, კიდევ მულინგარის ლუდხანაში თავმოყრიალ უამრავ პიროვნებაზე.
ასევე იმის შესახებ მოგიყვებით, რომ მოსაზრება, რომ ჯოისის რომანის ,,ღამისთევა ფინეგანისთვის’’ თარგმნა შეუძლებელია უბრალოდ კლიშეა და მეტი არაფერი. უმბერტო ეკოს ხუმრობაზეც გეტყვით, რომ ეს ნაწარმოები უკვე თარგმნილია, რადგან იგი მრავალენოვანია და ამიტომ მისი თარგმნა ,,უაზრობაა“, თუმცა აქვე იმასაც დავსძენ, რომ იმ სამოც ენას შორის (რომელსაც ჯოისი იყენებს) ქართული არ არის, ამიტომ მისი ქართულად თარგმნა სრულიადაც მართებულია.
მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჯეიმზ ჯოისის “ღამისთევა ფინეგანისათვის” გაქართულება და რა სირთულეები ახლავს ჯოისის ბოლო რომანის თარგმნას“.