საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დალია გრიბაუსკაიტეს დახვედრის ცერემონია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.
როგორც „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, 26 მაისის სამზადისმა პიკს მიაღწია და საქართველოში ჩამოდიან მეგობარი ქვეყნების დელეგაციები.
“საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით გვეწვევა 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.
პირველი ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტეა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომლის ორმხირივი ვიზიტიც სპეციალურად ეძღვნება ჩვენთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და ბუნებრივია, რომ სწორედ აი ამ ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებზე გამახვილდება ყურადღება პრეზიდენტების შეხვედრის დროს.
ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმ პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მომავალი ნატო-ს სამიტის კონტექსტში და განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე ის ნაბიჯები, რაც საერთაშორისო არენაზე საქართველომ და ლიეტუვამ ერთად, კოორდინირებულად უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.