შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთანავე, პირს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება

შსს-ს კანონპროექტი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი.
„კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდა.

აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ:
შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული;
ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება;
გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება;
ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა – 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები