“სტრასბურგის პროცესის მოგების შემთხვევაში, მოგვეცემა შესაძლებლობა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უფრო აქტიურად დავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე“

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბის სტუმარი ზაალ ანჯაფარიძე სტრასბურგში მიმდინარე პროცესეთან დაკავშირებით, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ქართულ მხარეს ურჩევს გაანეიტრალოს რუსული მხარის კულუარული გავლენები.

“სტრასბურგში მიმდინარე სასამართლო პროცესს აქტიურად ადევნებს თვალს მთელი ქართული საზოგადოება და მათ შორის ის ადამიანებიც, რომელთა ფუნდამენტალური უფლებები დაირღვა და რომლებიც დაზარალდნენ 2008 წლის ოკუპაციისას. აღარაფერს ვამბობ იმ ზიანზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიადგა.
როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო ბოლო ზეპირი მოსმენა, სასამართლო გავიდა ვერდიქტის გამოსატანად და რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდება სასამართლოს განაჩენი. საქმე გახლავთ პრეცედენტული და ვინაიდან მსგავსი ტიპის საქმე ჯერ სტრასბურგის სასამართლოს არ განუხილავს საქმე გადაეცა უმაღლეს პალატას. უნდა აღინიშნოს, რომ არგუმენტები წარმოადგინა როგორც ქართულმა, ისე რუსულმა მხარემაც, რომლის ინტერესებსაც საკმაოდ კვალიფიციური უცხოელი ადვოკატები იცავდნენ. ვინც თვალს ადევნებდა ამ პროცესს, ნახავდა, რომ რუსული მხარე აპელირებდა ევროპული აუდიტორიისა და ისტებლიშმენტისათვის ძალიან სენსიტიური თემებით, ისეთი როგორიცაა „ქართველებმა დაარტყეს მძინარე ცხინვალს“, რომ „საქართველო თავს დაესხა თავის მოქალაქეებს“ და ა.შ. არ იქნებოდა სამართლიანი, რომ ჩვენ მთლიანად უგულებელვყოთ ის არგუმენტები, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ რუსული მხარე აწარმოებს სერიოზულ კულუარულ სამუშაოებს, რათა მოახდინონ მათთვის სასარგებლო შედეგის ლობირება, ისინი ევროპის საბჭოდან გასვლით და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსათვის დაფინანსების შეწყვეტით იმუქრებიან. ამ ფონზე ბუნებრივია, ქართულ მხარეს მართებს გარდა იმ სამართლებრივად და პოლიტიკურად გამყარებული არგუმენტებისა, რომლებიც მათ წარმოადგინეს, გაანეიტრალონ ის გავლენები რაც რუსეთს აქვს, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს ადვილი არ იქნება. ამ საქმეს არამხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დატვირთვა აქვს თუ სტრასბურგის სასამართლო გაამტყუნებს რუსეთს ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტების საკითხი უფრო აქტიურად დავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, სამწუხაროდ აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე უკანა პლანზეა, ის გადაფარა უფრო მწვავე და აქტუალურმა პრობლემებმა განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები