თამარ ჩუგოშვილი: ავსტრალია საქართველოს, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი დახმარებას უწევს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის არარეზიდენტ ელჩს, მარკ ინეს ბრაუნს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრეს. მარკ ინეს ბრაუნმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრალიის მტკიცე მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
შეხვედრისას განხილული იყო, ასევე, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით.
„ჩვენ პერიოდულად გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ავსტრალიის ელჩთან. ავსტრალია საქართველოს ძალიან დიდი დახმარებას უწევს არაღიარების პოლიტიკის ნაწილში. როგორც ვიცით, არის მცირე კუნძულები, მცირე ქვეყნები, რომლებთანაც მუდმივად მნიშვნელოვანია მუშაობა, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება არ მოხდეს რუსეთის გავლენით. ავსტრალია არის ის ქვეყანა, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს, ამიტომ მათთან მუდმივად არის ამ ტიპის კომუნიკაცია საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი. ავსტრალია, ასევე დაინტერესებულია საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით საკონტროლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების კონტექსტში და არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტებს შორის გარდა პოლიტიკურისა, ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლობაც შედგეს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.