„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე”
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილი გამოუგზავნა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი მიულოცა.
პავლო კლიმკინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და პარალელების გათვალისწინებით, ეს თარიღები როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავ განაგრძობენ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე”, – ნათქვამია წერილში.
წერილში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინის მზადყოფნა კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერობები, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.