ტუდორ ულიანოვიჩი: მწამს, რომ რეალიზდება ჩვენი საერთო ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება
მოლდავეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ტუდორ ულიანოვიჩმა, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნა.
„დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე ის შუქურაა, რომელიც უკვე მთელი ათწლეულებია, რაც სახელმწიფოებრიობის მშენებლობის გზას უნათებს საქართველოს. ასი წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შემოქმედთა იდეები კვლავ ახლობელია ჩვენთვის, რადგან მოლდოვაც და საქართველოც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას დღემდე განაგრძობენ”, – ნათქვამია წერილში.
ტუდორ ულიანოვიჩის თქმით, მოლდოვა დადებითად აფასებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობასა და დინამიურ ურთიერთობებს. ამასთან, მოლდავეთს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და მოლდავეთის საგარეო უწყებებს შორის არსებული დიალოგი და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
„მტკიცედ მწამს, რომ ხორცს შეისხამს ჩვენი საერთო ღირებულებები და ინტერესები, რომლებიც ევროპაში ინტეგრაციისკენ სწრაფვას ემყარება”, – აღნიშნულია ტუდორ ულიანოვიჩის წერილში.