აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საქართველო, ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად მოიხსენია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ კარემმა საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკა და საქართველო ერთი და იმავე ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებენ.

„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ამერიკასთან ერთად, ერთი და იმავე ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მისივე თქმით, ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები მაღალ დონეზე ვითარდება. კარემის აზრით, მშვიდობა და კეთილდღეობა მხოლოდ მაშინ შენარჩუნდება, თუ ორი ქვეყანა ამის დაცვას შეძლებს. თავდაცვის მდივნის თანაშემწის თქმით, „შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი პარტნიორი, რომელსაც სურს მისი წვლილი შეიტანოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“.

პენტაგონის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია თავდაცვის სფეროში. „რთულია არ მოიხიბლო და არ გაგიკვირდეს ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს მიუხედავად ამდენი სირთულისა“, – განაცხადა მან.

კარემმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველო იმ წვლილისთვის, რომელიც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს, კერძოდ, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, რომლის ფარგლებშიც ქართველი ჯარისკაცები ერაყში, ავღანეთში, მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები