„ვინაიდან შეწყალება სულ პრობლემური იყო, არ გამოვრიცხავ, ახლაც გარკვეულ პრობლემას წავაწყდეთ“
ვინაიდან შეწყალება სულ პრობლემური იყო, არ გამოვრიცხავ, ახლაც გარკვეულ პრობლემას წავაწყდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
„ჩემთვის ცნობილი არ არის შეწყალება რა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ ხორციელდება. ყველა თანხმდება, რომ შეწყალების პოლიტიკა პრობლემური იყო და ბევრი ხარვეზი გამოვლინდა, არამხოლოდ მასშტაბების და რაოდენობის, არამედ შეწყალების საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებების გამო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, ვიცე-სპიკერი შეწყალების კონსტიტუციურ უფლებაში სახელმწიფო უხეშად ჩარევას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
„არ ვფიქრობ, რომ შეწყალების კონსტიტუციურ უფლებაში სახელმწიფო უხეშად უნდა ჩაერიოს. მიმაჩნია, პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუტის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ ეს კონსტიტუციური მექანიზმი ბოროტად გამოყენებული არ იყოს და ისეთ შემთხვევებს არ ვაწყდებოდეთ, რა შემთხვევებსაც ბოლო თვეების განმავლობაში გადავაწყდით. სამართლებრივ ჩარევის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტმა რამდენიმე ათეული ნარკორეალიზატორი შეიწყალა, რაც სერიოზული პრობლემაა.
„არამხოლოდ ნარკორეალიზატორების შეწყალების გამო გვქონდა პრობლემები, არამედ სხვა კატეგორიის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალების არაერთი, ასეულობით ფაქტი იყო“, –აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. 84 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 59 მსჯავრდებულს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა.