“ურთიერთობები აშშ-თან სულ უფრო ღრმავდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო მეტად გამოიხატება კონკრეტულ შედეგებში”

„მინდა პარლამენტის პოზიცია დავაფიქსირო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და აღვნიშნოთ, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სულ უფრო ღრმავდება, სხვა საფეხურზე გადადის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო მეტად გამოიხატება კონკრეტულ შედეგებში და კონკრეტულ ნაბიჯებში”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა.
თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბოლო დღეების განმავლობაში, ჰქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრების ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში, როგორც თეთრ სახლში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.
„გაიმართე შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან. სახელმწიფო მდივანი სულ ცოტა ხანია ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა და ერთ-ერთი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ის შეხვდა სწორედ, საქართველოს პრემიერ-მინისტრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახლში უმასპინძლა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, რაც გამოხატულებაა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, თანამშრომლობის და მეგობრობის, რაც ჩვენს ორ ქვეყნას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს აკავშირებთ”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით აშშ-ს მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
„ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს სამიტი გვიახლოვდება და შესაბამისად, ამერიკის მხარდაჭერა და მათი გზავნილები, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ და მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, ბუნებრივია გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია”,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტშიც გამოიხატება.
„ეს არის, ბუნებრივია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – დემოკრატიის განვითარება და წლების განმავლობაში ჩვენი ორი ქვეყანა ამ კუთხით თანამშრომლობს. ასევე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური გაძლიერება და ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც სულ უფრო აქტუალური ხდება, იზრდება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვის მქონე მოვლენა იქნება”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს დაფიქსირებული გზავნილები და ასევე, ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კიდევ უფრო გააქტიურდება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის განვითარებას როგორც უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები