ადვოკატი: ნოდარ საქუაშვილის ქონების გარშემო არსებულ საქმეში უპრეცენდენტოდ ბევრი შეუსაბამობაა

გარდაცვლილი ბიზნესმენის, ნოდარ საქუაშვილის ადვოკატი მალხაზ კაპანაძე მედიაჰოლდინ „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას აცხადებს, რომ საქმეში, რომელიც ბიზნესმენის ქონებასთან დაკავშირებით მისმა შვილებმა მამიდის, ქეთევან ჯინჭველაძის წინააღმდეგ აღძრეს, უპრეცენდენტოდ ბევრი შეუსაბამობაა:
“5-წლიანი გამოძიების შემდგომ, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენის შვილები დაზარალებულად სცნეს, ქეთევან ჯინჭველაძეს და კოსტა საქუაშვილს ბრალი წარედგინათ 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2013 წლის 19 ივლისს, თელავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურს, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა, აღეკვეთათ ამ პირებისთვის თავისუფლება, ან დაეკისრებინათ გირაოს სახით 20 000 ლარი. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და გირაოს თანხამ მხოლოდ 2 ათასი ლარი შეადგინა. განჩინებაში მოსამართლე უთითებს, რომ ქეთევან ჯინჭველაძე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, რომ დაზარალებულებს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ, რაც მიუთითებს მოსამართლის არაკომპეტენტურობაზე, ან საქმის შედეგით დაინტერესებაზე, ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს მოსამართლე ამ საქმეს 4.6 წელი იხილავდა, რაც სასამართლო პრაქტიკაში პრაქტიკულად წარმოუდგენელი გახლავთ. რადგან ქეთევან ჯინჭველაძე ნანა საქუაშვილთან საუბრებში ღიად აცხადებდა, რომ მას ჰქონდა გარანტია, საქმე გაჭიანურებულიყო და შემდეგ მის სასარგებლოდ დასრულებულიყო, რაც ასეც მოხდა. 2012 წლის 12 ივლისს მივმართეთ იუსტიციის საბჭოს საჩივრით, სადაც დასაბუთებული არგუმენტებით ვითხოვდით მოსამართლის აცილებას. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ამიტომ, არ ვიცით რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს საჩივარს. ფაქტი სახეზეა, რომ მოსამართლე წიკლაურმა გააგრძელა საქმის განხილვა, ოდნავ დაჩქარებული ტემპით და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
მოგახსენებთ რამდენიმე არგუმენტს განაჩენიდან, რაც მის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს, ნოდარ საქუაშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელზეც ქეთევან ჯინჭველიძეს ბრალი ჰქონდა წარდგენილი 2007 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეფასებულია 260 ათას ლარად და პროკურორი პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ სახლის მიკუთვნება ჯინჭველაძისათვის მოხდა, ყალბი ცნობის საფუძველზე. სასამართლოს არც კი უმსჯელია ამ მითითებაზე, მან საპირისპირო განმარტა, რომ ნოდარ საქუაშვილს გარდაცვალების მომენტში ეს სახლი უკვე აღარ ეკუთვნოდა და შესაბამისად, არ უნდა შეტანილიყო სამემკვიდრეო ნუსხაში. ასევე, წილის გადანაწილების ნუსხაში შეგნებულად არ შეიტანეს ნოდარ საქუაშვილის კუთვნილი ავტომობილები (აღნიშნული ავტომანქანები შეფასებულია და მაშინდელი მდგომარეობით მათი ღირებულება 165 ათას ლარს შეადგენდა), ბრალდებულებმა ეს მანქანები გაყიდეს და ფულადი თანხა მიითვისეს. აღნიშნული ავტომობილები ფორმალურად იყო გაფორმებული ბიზნესმენების მძღოლებზე, რომლებმაც სასამართლოს დაუდასტურეს, რომ რეალურად მათი მფლობელი ბიზნესმენი იყო, მოსამართლემ არც ეს არგუმენტი მიიჩნია საკმარისად. მოსამართლე განაჩენში ასევე უთითებს, რომ ნოდარ საქუაშვილის სიცოცხლეში აღიარებული კრედიტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე მთელი სამკვიდრო ქონება ერთ პირზე, კოსტა საქუაშვილზე უნდა გაფორმებულიყო, ეს თავად დაზარალებულების იდეა ყოფილა თურმე და რაიმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ან დაზარალებულებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, დაზარალებულები საპირისპიროს ამტკიცებენ. გაურკვეველია, რატომ იმსჯელა მოსამართლემ განაჩენში, როდესაც საქმე თაღლითობას ეხება, რომ ინგა საქუაშვილმა სარჩელის დაკმაყოფილების შემდეგ არ მიიღო სასამართლოს მიერ დაბრუნებული ქონება იმის გამო, რომ იგი თურმე გაურბის სასესხო ვალდებულების პასუხისმგებლობას, აღნიშნული მოსამართლის ვარაუდია, მას არ უკითხავს ინგა საქუაშვილისათვის ამ საკითხის გარშემო არაფერი. განაჩენი, როგორც ლოგიკის, ასევე კანონმდებლობის თვალსაზრისით, აბსურდულია და დაზარალებულები გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე გვქონდა კორუფციულ გარიგებასთან”, – აცხადებს „კვირასთან“ საუბარში ადვოკატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები