ნოშრევან ნამორაძე გიორგი ზაქაიძის ბრალდებებს ეხმაურება

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე ყოფილი პარტნიორის, გიორგი ზაქაიძის ბრალდებებს ეხმაურება. გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში პატიმრობაში მყოფი ნამორაძე ირწმუნება, რომ ზაქაიძე რეალურად კოდუების დავალებით მოქმედებს.
“ზაქაიძის განცხადება, რომ თითქოს ის ნოშიკო ნამორაძესთან ერთად კოდუასაც ადანაშაულებს, ჩემთვის ძალიან ადვილად ასახსნელია. ზაქაიძეს რომ დღეს ეთქვა, კოდუა ძალიან კარგი ადამიანია და მას არანაირი ინტერესი არ ჰქონდაო, გაიშიფრებოდა, რომ რეალურად ზაქაიძე და კოდუა ერთობლივად მოქმედებდნენ ჩემს წინააღმდეგ. დღეს ზაქაიძის გააქტიურებაც დადგმული სპექტაკლია. კოდუებმა ის შეგნებულად ალაპარაკეს. ის შუალედური განცხადებები, თითქოს ის განტევების ვაცია და დაზარალებულია როგორც კოდუასგან, ისე ნამორაძისგან. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაგებია, რატომ ლანძღავს ზაქაიძე კოდუების ოჯახსაც, ეს დადგმული სპექტაკლია, რათა არ გამოვლინდეს მისი ალიანსი კოდუებთან”, – ამბობს ნოშრევან ნამორაძე.
შეგახსენებთ, რომ “ტიფლის დეველოპმენტის” დირექტორი გიორგი ზაქაიძე დავით კოდუასა და ნოშრევან ნამორაძეს კომპანიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც ზაქაიძე ამბობს, ნოშრევან ნამორაძის ოჯახი “ტიფლის დეველოპმენტში” 50%-იან წილს ფლობდა, საიდანაც 25% არაოფიციალურად დავით კოდუას ეკუთვნოდა. თუმცა, ნამორაძემ და კოდუამ ვალდებულება არ შეასრულეს და კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებაზე უარი თქვეს. მიუხედავად ამისა, ზაქაიძის თქმით, მათ კომპანიიდან მილიონი ლარის ღირებულების ქონება გაიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები