ადვოკატი: რუსეთმა გორში მოკლული ჟურნალისტის სხეულიდან ამოღებულ ნამსხვრევებზე განაცხადა, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული

საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სხდომაზე გამოსვლისას, გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებაზე და საქართველოს მტკიცებულებებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რუსულმა მხარემ გორში მოკლული ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულიდან ამოღებულ ნამსხვრევებზე განაცხადა, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული. თუმცა, მისივე თქმით, ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდანაა.

„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსული რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული.

როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები