მიხეილ დუნდუა: 2002 წლის აღწერა იყო მცდარი, ვინაიდან მაშინ ემიგრირებული მოსახლეობა აღწერეს როგორც ადგილზე მყოფი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 1994-2014 წლების ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგებს ეხმაურება.

როგორც ის აცხადებს, 2002 წლის შემდეგ, 2014 წლამდე აღწერა არ ჩატარებულა.

„2002 წლის აღწერა იყო მცდარი, ვინაიდან მაშინ ემიგრირებული მოსახლეობა აღწერეს როგორც ადგილზე მყოფი, შესაბამისად 2002 წლის მაჩვენებელი – 4.5 მილიონი არსებითად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ტექნიკური და ბუნებრივი მატების კოეფიციენტების დამატებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიდრე 2014 წლის აღწერა არ ჩატარდა, ყველა მონაცემი იყო მცდარი, ახალმა აღწერამ აჩვენა რეალური სურათი“ – განაცხადა დუნდუამ.

მისი თქმით, გაეროს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ახალი ანგარიში, მომზადდა ახალი კვლევა, რომელიც აღიარებულია გაეროს, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მხრიდან და ყველა წინა წლის გადათვლა მოხდა შესაბამისად,ახალი მეთოდოლოგიის საფუძველზე.

დუნდუას ინფორმაციით, 2018 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, წინა წლის პირველი იანვართან შედარებით მატება შეადგენს 3300-ს, ხოლო 2013 წლის პირველ იანვართან შედარებით მატება არის 11 000.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები