პრემიერი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ნატო-ს მომავალი სამიტი ბრიუსელში და ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასშტაბური და ამბიციური პროექტის – თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელების მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეიდან დაიწყება და 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 9 სამანევრო ბატალიონის გაწვრთნას ითვალისწინებს.
დღესვე გაიმართება ნატო-ს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნის ცერემონია, რომელიც ამავე პროგრამის ფარგლებში ვაზიანის ბაზაზე აშენდა.
შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის როგორც საგარეო, ისე უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნების გამოხატულებაა.
მისივე თქმით, ქვეყნის რეფორმები და წინსვლა დაფუძნებულია ნატო-ს და ევროკავშირის მიერ აღიარებულ ფასეულობებზე, სტანდარტებსა და კრიტერიუმებზე.
ამერიკელმა გენერალმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიული განვითარების, შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების კუთხით და დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების გზაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ EUCOM-ი მზადაა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებასა და ნატო-სთან თავსებადობას მომავალშიც აქტიურად შეუწყოს ხელი. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილზე, განსაკუთრებით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ, თავსებად და საიმედო პარტნიორად მიიჩნევს; ითქვა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობები მდგრადი და საიმედო თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
ყურადღება გამახვილდა ნატო-ს აქტიურ როლზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მზაობაზე, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბრიუსელში ჩატარდება, პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ და ასახავენ საქართველოს პროგრესს – როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ნატო-საქართველოს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი და აშშ-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები