თბილისის მეტროს განახლებული შემადგენლობები საბურთალოს ხაზზე იმოძრავებენ (ფოტოკოლაჟი)

“მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა და ხაზზე გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაბილიტაცია საქართველოში ჩატარდა. ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა, რომელიც მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანას, მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას და ახალი ვაგონების შესყიდვას გულისხმობს.
“ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში, სადაც სამუშაოები ჩატარდა, 150 ადამიანია დასაქმებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა. ასევე, კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა; ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე კამერები; მგზავრების კომფორტულად გადაადგილებისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; ძველი ტიპის მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.
მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამატებით კიდევ რვა ვაგონს განაახლებს”,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები