ავსტრალიაში პოლიციამ, სახლის ჩხრეკისას, 7 გვამი აღმოაჩინა

ავსტრალიის ქალაქ მარგარეტ რივერსში, პოლიციამ 7 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილთაგან 4 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლულები.
ქალაქის პოლიციის უფროსი კრის დოუსონი, მკვლელობის დეტალებზე საუბარს ერიდება და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილას, მან კოშმარი იხილა.
„ამ ეტაპზე ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი იმისათვის, რომ საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი წამოვწიოთ“,-აღნიშნა დოუსონმა.
მისივე თქმით, მათ სატელეფონო ზარის მეშვეობით შეიტყვეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც, პოლიციელები იმ სახლისკენ გაემართნენ, სადაც გვამები აღმოაჩინეს. ამ ეტაპზე პოლიცია ზარის ავტორის ვინაობას არ ამხელს.
ავსტრალიაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილმა დანაშაულმა, ბოლო წლებში, საგრძნობლად იკლო. ამის მიზეზი კი მთავრობის მიერ იარაღზე კონტროლის გაამკაცრებაა, რაც 1996 წელს, მას შემდეგ მოხდა, როდესაც მარტოხელა მამაკაცმა, ტასმანიაზე, 35 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები