პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციები დასრულდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ცენტრალურ ოფისში თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა,  რითაც დასრულდა კონფერენციების ციკლი, რომლის მიზანი პარტიის მომავალი განვითარების გეგმების განხილვა და პარტიის ყრილობისთვის მზადება იყო.

კონფერენციაზე  საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს.  კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„თბილისის კონფერენციით დასრულდა კონფერენციების ციკლი, რომლის მიზანი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომავალი განვითარების გეგმების განხილვა და პარტიის ყრილობისთვის მზადება იყო. “ქართული ოცნების” საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების კონფერენციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, სადაც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ქალაქში, ყველა კონფერენციაზე იგრძნობოდა სრული მზაობა და მუხტი ჩვენი მხარდამჭერებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტებისგან – გადავიდეს პარტია განვითარების ახალი ეტაპზე და განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ამ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება.

მინდა ასევე გაცნობოთ, რომ პარტიის მეხუთე ყრილობა გაიმართება 11 მაისს, თბილისში. ყრილობა საქმიან, სამუშაო ფორმატში წარიმართება, რომელსაც პოლიტიკური გუნდი, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პოლიტსაბჭოს მიერ არჩეული დელეგატები დაესწრებიან. დარწმუნებული ვარ, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, განახლებული გეგმებით და ახალი ხედვებით, შექმნის მუხტს და გააერთიანებს საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საშენებლად”, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კონფერენციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები