არაბთა გაერთიანებული საემირო მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას

არაბთა გაერთიანებული საემირო მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გამოვიდეს ირანთან არსებული შეთანხმებიდან ბირთვული იარაღის თაობაზე.
არაბთა გაერთიანებული საემიროს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არსებული შეთანხმება არანაირ გარანტიას არ იძლეოდა, რომ ირანი მომავალში ბირთვული იარაღის შესყიდვას არ მოახდენდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ემირატები მხარს უჭერს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანთან არსებული შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე.
არაბთა გაერთიანებული საემიროს საგარეო უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ ემირატები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, გაიზიარონ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია იმისათვის, რომ ახლო აღმოსავლეთი ბირთული და სხვა სახის მომაკვდინებელი იარაღისგან გათავისუფლდეს.
ცნობისათვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ტოვებდა ირანთან არსებულ შეთანხმებას ბირთვული იარაღის თაობაზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ირანს კვლავ დაუწესებდა უმძიმეს სანქციებს, რომლებიც 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები